„თბილისი მარათონის“ გამო, 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

27 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ასევე ინაშვილის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დაჩი უჯარმელის, გია გულუას, ჯოვანი სკუდიერის, ხიდის, იტალიის, სოლიკო ვირსალაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაბამის მონაკვეთზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე და დიმიტრი გულუას მოედანზე.

აღნიშნულ ქუჩებზე მოძრაობა მარათონის მონაწილეთა გადაადგილების პარალელურად, ეტაპობრივად აღდგება.

შეზღუდვის პერიოდში პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრას თამარ ჭოველიძის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანის, იერუსალიმის, თუმანიანის, ვახტანგ გორგასლისა და გულუას ქუჩების გავლით შეძლებენ.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მომავალი ავტომობილები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისკენ მოძრაობას ვერ გააგრძელებენ და გადაადგილებას გალაკტიონის ხიდის გავლით, კოტე მარჯანიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.

გულუას ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო 300 არაგველის ხიდის გავლით გადაადგილება მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი.