World Airline Awards 2026-ის ფარგლებში მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის ბიზნეს-ლაუნჯების რეიტინგი გამოქვეყნდა. რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურების შეფასებებს ეფუძნება და ლაუნჯების ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხს ითვალისწინებს.

მსოფლიოს საუკეთესო, აეროპორტის ლაუნჯად ნიუ-იორკის ლა-გუარდიის აეროპორტში მდებარე Chase Sapphire Lounge დასახელდა. მეორე ადგილი რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის Plaza Premium Lounge-მა დაიკავა, მესამე კი ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტის Chase Sapphire Lounge-მა.

ათეულში ასევე მოხვდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მე-4 ტერმინალში მდებარე Plaza Premium, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე არიან ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტის Capital One და American Express Centurion, ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტის Coral Cosmo Lounge, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტის The Pearl, მუსკატის საერთაშორისო აეროპორტის Primeclass Lounge და დუბაის საერთაშორისო აეროპორტის Plaza Premium.

ოცეულში კიდევ რამდენიმე ევროპული ლაუნჯი მოხვდა - ვენის აეროპორტის Vienna Lounge მე-12 ადგილზეა, სტამბოლის iGA Lounge მე-17-ზე, ხოლო მიუნხენის აეროპორტის Airport Lounge World მე-18 პოზიციაზე.

საუკეთესო დამოუკიდებელი აეროპორტის ლაუნჯების ქსელად კი, Plaza Premium Group დასახელდა. კომპანიისთვის ეს ზედიზედ მეათე გამარჯვებაა ამ კატეგორიაში.