რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან მდებარე ორი მიწისქვეშა გადასასვლელი გამაგრდება და განახლდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მათი კონსტრუქციული გამაგრება აუცილებელია. სამუშაოები შესაბამისი საექსპერტო დასკვნებისა და მომზადებული პროექტის საფუძველზე მიმდინარეობს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს როგორც გადასასვლელების გამაგრებას, ისე ზედა ნაწილის ჰიდროიზოლაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე გადასასვლელი ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადასასვლელების მდგომარეობა მძიმე იყო და მათი გამაგრება საჭირო გახდა.

მიწისქვეშა გადასასვლელების განახლება რუსთაველის გამზირის საერთო სარეაბილიტაციო პროექტის ნაწილია. მერიის ინფორმაციით, გამზირის რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

„სამუშაო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში, მთლიანად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან მათი მდგომარეობა უმძიმესი იყო და დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც გადაადგილების, ისე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე სახის დაბრკოლება არ გვაქვს. სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და ყველა შესაბამისი კომპანია ჩართულია. როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.