განათლების სამინისტროში უწყების წარმომადგენლებისა და თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს უწყებათშორისი კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება.
შეგახსენებთ, მანამდე, იგივე განათლების სამინისტრო აცხადებდა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, 21-ე საჯარო სკოლის ისტორიული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მიიღეს მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება.
განათლების სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პედაგოგებმა და მშობლებმა მედიასთან განაცხადეს - შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისინი სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად წავლენ და შენობას დაათვალიერებენ.
პედაგოგებისა და მშობლების მოთხოვნაა, ჩატარდეს სიღრმისეული ექსპერტიზა, რომლის საბოლოო პასუხის გარეშე ისინი სკოლის შენობასთან დაკავშირებით მიღებულ არანაირ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.
„ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები და შევჯერდით იმაზე, რომ ექსპერტიზის ბიუროს დამატებით რა კითხვებიც გაეგზავნა და რა პასუხებიც მოვიდა, იმ პასუხებზე დაყრდნობით შესაძლებელია, რომ სკოლაში გავაგრძელოთ სწავლა, ამისთვის კი მინიმალური სამუშაოები არის ჩასატარებელი სკოლის ფასადზე. ახლა მიდიან, რომ დაათვალიერონ ეს ფასადი და, შესაბამისად, უმოკლეს დროში შესაძლებელია, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ სწავლა გაგრძელდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც არის, ჩვენი მოთხოვნა, რომელიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, ეს არის სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის სკოლას, იქნება ეს რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი. ამ ექსპერტიზის გარეშე ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ დავთანხმდებით”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.
მომზადებულია „ინტერპრესნიუსის“ მასალის მიხედვით