აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, ირანი მეზობელ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მისი ავიარეისების შეზღუდვის შემთხვევაში მათი აეროპორტების მუშაობის შეფერხებას უზრუნველყოფს.

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ სახელმწიფო ტელევიზიასთან განაცხადა, რომ თუ მეზობელი ქვეყნები აშშ-სთან ითანამშრომლებენ და ირანულ ავიაკომპანიებს ფრენებს შეუზღუდავენ, თეირანი მათ აეროპორტების ფუნქციონირების შეფერხებას მოახდენს.

მისი თქმით, ირანი შესაბამის ზომებს მიიღებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვაში აშშ-ს დაეხმარებიან.

21 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა მომხდარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნები და კომპანიები მეორეული სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.

სანქციების შედეგად ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოშიც შეიზღუდა. შეზღუდვები 21 სექტემბრიდან ამოქმედდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ირანული ავიაკომპანიების ფრენებზე შეზღუდვები აზერბაიჯანმაც დააწესა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ 8 სექტემბერს გამოაცხადა. აშშ-ის უწყების განცხადებით, ირანის ხელისუფლება ავიაციას იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

სანქციების ქვეშ მოხვდა ირანის 27 ავიაკომპანია, მათ შორის Air Shiraz, Ata Airlines, Iran Air Tour, Iran Aseman Airlines, Kish Airlines, Qeshm Air, Saha Airlines, Sepehran Airlines, Taban Airlines, Toos Airlines, Varesh Airlines და Zagros Airlines.