ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება იყო.

დახურულ ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის, ორგანიზებით გაიმართა.

დისკუსიაზე, სახელწოდებით „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით“, მონაწილეებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელეს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფის შედეგები საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა.

„მაღალი დონის პანელზე, სახელწოდებით „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული ძალის გამოყენებით“ მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ”, -  განაცხადა დისკუსიის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.