თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს თბილისში მდებარე 20 საჯარო ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. მათ სამედიცინო დახმარებისთვის ექვს კლინიკას მიმართეს. ეპიდემიოლოგიური რისკების გამო, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თავდაპირველი ვერსიით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროდაც ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტები განიხილებოდა. გამოძიების ფარგლებში საკვები პროდუქტებისა და სხვა მასალების ნიმუშებიც აიღეს.

მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. ცენტრის ცნობით, კვლევები გრძელდება.

ამასთანავე, საინტერესოა, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტები დროებით ამოიღეს.

ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაღების კვების ბლოკებსა და საკვების მიმწოდებელ ობიექტებში შემოწმებები დაიწყო. 22 სექტემბრის მდგომარეობით, შემოწმებული იყო 70 ობიექტი და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იყო საკვებისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.