რუსეთის რკინიგზის სპეციალიზებული კომპანია RZD Tour თბილისსა და ერევანს შორის ახალ სარკინიგზო კრუიზს იწყებს, პროექტი ტურისტებს საქართველოსა და სომხეთის მონახულების შესაძლებლობას სამ დღეში, სასტუმროს შეცვლის გარეშე, მისცემს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მარშრუტს „კავკასიის ორი გული“ ეწოდება და მგზავრობა ორ ღამეს მოიცავს. მატარებელი ერთდროულად ტრანსპორტისა და სასტუმროს ფუნქციას შეასრულებს - დღის განმავლობაში ტურისტები ავტობუსით ექსკურსიებზე გაემგზავრებიან, ღამით კი მატარებლით შემდეგ მიმართულებაზე გადაინაცვლებენ.

პროგრამის ფარგლებში ტურისტები ერევნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის კასკადს, ჩრდილოეთის გამზირსა და ქალაქის ცენტრს დაათვალიერებენ. ასევე დაგეგმილია ერევნის კონიაკის ქარხნის მონახულება და დეგუსტაცია.

სარკინიგზო კრუიზის პირველი რეისი 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი.