22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, აშშ-ს, დანიის სამეფოსა და გრენლანდიის მთავრობებს შორის გრენლანდიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა. შეთანხმება 1951 წლის აშშ-დანიის თავდაცვის შეთანხმებას ავსებს და გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაფართოებას ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემას არ ითვალისწინებს - კუნძული დანიის სამეფოს შემადგენლობაში რჩება. დოკუმენტი ასევე პატივს სცემს გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას.
რას ითვალისწინებს შეთანხმება
აშშ-ს ეძლევა შესაძლებლობა: მოახდინოს პიტუფიკის კოსმოსური ბაზის მოდერნიზაცია და გააფართოოს მისი საქმიანობა; შექმნას დამატებითი „თავდაცვითი სივრცეები“ ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში; გამოიყენოს გრენლანდიის ტერიტორია, ტერიტორიული წყლები და საჰაერო სივრცე სამხედრო გემებისა და თვითმფრინავებისთვის; მხარეებთან შეთანხმებით განიხილოს სხვა ტერიტორიებზე უპილოტო სამხედრო კომპლექსების განთავსება.
შეთანხმება ასევე ზღუდავს NATO-ს არაწევრი სახელმწიფოების სამხედრო ყოფნას გრენლანდიაში და ითვალისწინებს შეზღუდვებს უსაფრთხოების მხრივ მგრძნობიარე ინფორმაციასა და სტრატეგიულ სფეროებზე მათ წვდომაზე. მხარეები ითანამშრომლებენ ჯაშუშობისა და სხვა უსაფრთხოების საფრთხეების წინააღმდეგ.
დოკუმენტში გათვალისწინებულია გრენლანდიის შესაძლო დამოუკიდებლობის საკითხიც. თვითგამორკვევის შემთხვევაში დანია და გრენლანდია ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ დამოუკიდებელი გრენლანდიის ნატოში დარჩენას, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ნატოში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას.
შეთანხმება უვადოა და ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დანია და გრენლანდია აუცილებელ საპარლამენტო პროცედურებს დაასრულებენ და ამის შესახებ აშშ-ს დიპლომატიური ნოტით აცნობებენ.
საერთაშორისო მედიის, მათ შორის Reuters-ისა და Associated Press-ის, ცნობით, შეთანხმება აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება არქტიკაში, სადაც უსაფრთხოების კონკურენცია და რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.