საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ხორბალზე საიმპორტო, ე.წ. სარკისებრ გადასახადს აწესებს. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციების ინფორმაციით, ახალი ტარიფი 1 კილოგრამ ხორბალზე 10 თეთრს, ანუ ერთ ტონაზე 100 ლარს შეადგენს.
როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილობრივი ფერმერების მდგომარეობაა. მათი თქმით, რუსეთიდან დაბალ ფასად შემოსული ხორბლის გამო საქართველოში ადგილობრივი პროდუქტის ჩასაბარებელი ფასი შემცირდა და ფერმერებს მოსავლის რეალიზაცია უჭირთ.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, ხორბლის ჩასაბარებელი ფასი ამჟამად 45-50 თეთრს შეადგენს, რაც, მისი შეფასებით, წარმოების ხარჯებს ვერ ფარავს. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ახალი ტარიფი ადგილობრივ ხორბალზე მოთხოვნას გაზრდის და ფერმერებს პროდუქციის მინიმუმ 60 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
„საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნით და თხოვნით, ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით, მიიღო 10-თეთრიანი საფასურის შემოღების გადაწყვეტილება 1 კილოგრამ ხორბალზე, რაც არის ძალიან კარგი. [...] ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მოთხოვნას გააჩენს ხორბალზე და ფერმერები შეძლებენ ხორბლის გაყიდვას, რომელიც დაპაუზებული იყო ფაქტობრივად“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
მისივე თქმით, გაზრდილია საწვავისა და სასუქების ღირებულება, რის გამოც ფერმერებს წარმოების გაგრძელება უჭირთ. მისი შეფასებით, ხორბლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მათ თესვის სამუშაოების გაგრძელებაში დაეხმარება.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ჯერ უცნობია, რა ვადით იმოქმედებს ახალი რეჟიმი და შეეხება თუ არა უკვე გაფორმებულ საიმპორტო კონტრაქტებს.
სილაგავას განმარტებით, ახალი ტარიფი იმპორტიორებზე გავრცელდება, რომლებიც წინასაიმპორტო ნებართვებს ახალი რეჟიმის ამოქმედების შემდეგ აიღებენ, ხოლო მანამდე გაფორმებული შეკვეთების შემთხვევაში, იმპორტი ძველი პირობებით განხორციელდება.
საქართველოში ხორბლის წარმოება ადგილობრივი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 2026 წლის მოსავალი დაახლოებით 180 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ქვეყნის ადგილობრივი მოხმარების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
ამ ფონზე, საქართველო ხორბლის იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. 2026 წლის პირველ შვიდ თვეში ქვეყანაში 53.6 მილიონი დოლარის ღირებულების 209 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა. იმპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა — ამ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 50.1 მილიონი დოლარის ღირებულების 194 932 ტონა ხორბალი იქნა იმპორტირებული. მცირე მოცულობით ხორბალი ქვეყანაში ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც შემოვიდა.
ხორბლის იმპორტზე ახალი გადასახადის პარალელურად, საქართველოში უკვე მოქმედებს საიმპორტო ტარიფი ხორბლის ფქვილზე, ქერსა და ქატოზე. ხორბლის ფქვილის შემთხვევაში გადასახადი 1 კილოგრამზე 30 თეთრს, ანუ ტონაზე 300 ლარს შეადგენს, ხოლო ქერსა და ქატოზე - 20 თეთრს კილოგრამზე.
სექტორის წარმომადგენლები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ხორბლის იმპორტზე ტარიფის დაწესებამ ბაზარზე რუსული ფქვილის შემოდინება გაზარდოს. მათი განმარტებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რა პირობებითა და ვადით იმოქმედებს ახალი საიმპორტო რეჟიმი.