ევროკომისიამ ფილიპინებთან სავაჭრო შეთანხმება დადო, რაც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების ნაწილია.

ახალი ხელშეკრულება ევროპულ ბიზნესს 113-მილიონიან ბაზარზე გაუხსნის წვდომას და საბაჟო გადასახადების 94%-ზე მეტს გააუქმებს. შეთანხმება ორმხრივი ვაჭრობის 97%-ზე გავრცელდება და მოიცავს მანქანა-დანადგარების, ფარმაცევტული ნაწარმის, სამედიცინო ტექნიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს. ფილიპინებიდან კი ევროკავშირში ძირითადად ნახევარგამტარები, ინტეგრალური სქემები და სამრეწველო მოწყობილობები შევა.

„ეს შეთანხმება მკაფიოდ აჩვენებს, რომ ევროკავშირი პოზიციებს იმყარებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები უკვე მსოფლიო მომხმარებლების ნახევარს ფარავს — ასეთი უპირატესობა არავის აქვს“, - განაცხადა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა.

გარდა ამისა, შეთანხმება გააადვილებს ევროპულ ინვესტიციებს ფილიპინების ნედლეულის სექტორში. ამგვარად ბრიუსელი ცდილობს შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება, რომელმაც კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებსა და იშვიათ ელემენტებზე ფაქტობრივი მონოპოლია მოიპოვა.

ცნობისთვის, 2025 წელს ევროკავშირსა და ფილიპინებს შორის საქონლით ორმხრივმა ვაჭრობამ 17,6 მილიარდი ევრო შეადგინა. ინდოეთთან, ავსტრალიასთან, ინდონეზიასა და ფილიპინებთან შეთანხმებების შემდეგ, ევროკავშირი ანალოგიური მოლაპარაკებების დასრულებას ტაილანდთან და მალაიზიასთანაც გეგმავს.

წყარო: euronews.com