შალვა პაპუაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასევე გლობალურ გამოწვევებსა და კავკასიის რეგიონის განვითარებაზე.

„საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე. ვისაუბრეთ 2024 წლის ივნისში ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომ შეეჩერებინა დიალოგი საქართველოსთან, რაც მიგვაჩნია, რომ იყო მცდარი გადაწყვეტილება და დღემდე ჩვენ ველით ამ დიალოგის აღდგენას. ამიტომ, კოლეგებთან გვქონდა ამაზე საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, წევრმა სახელმწიფოებმა იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, არამედ დიალოგში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას.

ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამთ და იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან და იმედია, ამაში ჩვენი ბელგიელი კოლეგებიც დაგვეხმარებიან“, – თქვა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, „რა იყო ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტების პოზიცია იმ ყველაფერთან მიმართებით, რა პრობლემებიც არის საქართველოსა და ევროკაშირს შორის“, პაპუაშვილმა თქვა:

„აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია და შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ ბელგია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი ზოგადად გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით. ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია უკვე თავის თავში გამორიცხავს, რომ იყოს სწრაფვა კონფრონტაციისკენ. ჩვენი ვალდებულებაა, იყოს დიალოგი და აზრების გაზიარება.

ასევე ვისაუბრეთ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს სამყაროში, ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონის განვითარებაზე. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც ჩვენს დიდ რეგიონშია, ასევე ის პერსპექტივები, რომელსაც ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს, რათა ევროკავშირი, მისი თითოეული წევრი, ბელგიის ჩათვლით და მათი მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“.

შალვა პაპუაშვილი ბელგიის დედაქალაქში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.