არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა აფინანსებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული „ქართული ოცნებისგან” 2022 წელს ხელოვნურად გამოყოფილ და 2024 წლის მარტში პარტიად დარეგისტრირებულ „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას“.

„კვლევაში მოცემული მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” განაყოფი „ხალხის ძალა” ივანიშვილის ძალაუფლების ქსელის ნაწილია. შემწირველებს შორის ივანიშვილის გარემოცვის: მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორების, ასევე უშუალოდ ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოებების წარმომადგენელთა ჯგუფი გამოიკვეთა - ჯამში ამ პირებმა „ხალხის ძალას” 2024-2026 წლებში 381,000 ლარი შესწირეს.

შემწირველებს შორის არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენელი „სააქციო საზოგადოება დაზღვევის კომპანია ქართუს” გენერალური დირექტორი არჩილ მამაცაშვილი. არჩილ მამაცაშვილმა „ხალხის ძალას” 2025-2026 წლებში 70,000 ლარი შესწირა, მანამდე კი 55,600 ლარი - „ქართულ ოცნებას”. „დაზღვევის კომპანია ქართუს” სამთავრობო და მუნიციპალური დაწესებულებებიდან სახელმწიფო შესყიდვების გზით 3,5 მილიონამდე ლარი აქვს მიღებული. არჩილ მამაცაშვილთან ერთად, ამ სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებულ პირებს (ალა კახნიაურს, კახა კობიაშვილს, ზაზა ვერძეულს, გივი ლებანიძეს, ზურაბ ჩაჩხიანს) „ქართული ოცნებისთვის” 1 მილიონი ლარი აქვთ გადარიცხული. არჩილ მამაცაშვილი ივანიშვილთან დაკავშირებული „სააქციო საზოგადოება ატუ ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია შპს „ტორნადო+-ში” გიორგი დამენია, რომელმაც „ხალხის ძალას” 2025-2026 წლებში 120,000 ლარი შესწირა, მანამდე კი „ქართულ ოცნებას” - 170,000 ლარი. თავად კომპანიამ 2016-2018 წლებში ივანიშვილის პარტიას 85,000 ლარი შესწირა.

ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს უკავშირდება „ხალხის ძალის” კიდევ ერთი მსხვილი შემწირველი ირაკლი ბექაური, რომელიც ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის 100% საკუთრებაში არსებული შპს Bolero & Company გენერალური დირექტორია. კარიჭაშვილი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა, მისი კომპანიები საქართველოდან რუსეთში ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეულშია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან კი სუბსიდიის სახით, 2014-2024 წლების მონაცემებით, 56 მილიონი ლარი მიიღო. 2026 წელს, „ხალხის ძალისთვის” 60,000 ლარის გადარიცხვამდე ირაკლი ბექაურმა „ქართულ ოცნებას” 327,000 ლარი შესწირა“, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ხალხის ძალის” 28 შემომწირველიდან 3, ალექსანდრე ტუშური, მამუკა გოგრიჭიანი და გივი გაბუნია დღემდე აფინანსებენ „ქართულ ოცნებასაც” - სამივემ 2025 წლის 11 დეკემბერს ჯამში 60,000 ლარი გადაურიცხა „ხალხის ძალას”, 2026 წლის 18 თებერვალს კი ამდენივე ივანიშვილის პარტიას.

შემწირველებს შორის არის გიორგი მესხი, რომელიც 2017-2020 წლებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქსპეცტრანსის” დირექტორი იყო. მისმა შემოწირულებებმა „ხალხის ძალის” სალაროში 2024 წელს 58,000 ლარი შეადგინა - მას 2024 წლამდე პოლიტიკური შემოწირულება არ განუხორციელებია. სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის დირექტორობის პარალელურად, მესხმა ბიზნესპარტნიორ გიორგი ხუჯაძესთან ერთად, სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი” დააფუძნა. ამჟამად მესხი ჯგუფის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. კომპანია ისანში მრავალსართულიან სასტუმროს აშენებს. მესხის მფლობელობაშია 33% კომპანია „გონიო გრუპში”.

თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებელ კომპანიას უკავშირდება „ხალხის ძალის” კიდევ ერთი შემწირველი, გურამ თეთრაშვილი, რომელიც შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნესჯგუფის” დირექტორია. ამ კომპანიის მესაკუთრე ბესიკ პაპისმედოვი თბილისში რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს. თეთრაშვილისთვისაც, გიორგი მესხის მსგავსად, „ხალხის ძალისთვის” გადარიცხული 10,000 ლარი პირველი პოლიტიკური შეწირულებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.