რუსეთში გაზპრომ ნეფტის საკუთრებაში არსებულმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 20 სექტემბერს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ქარხნის ნედლი ნავთობის პირველადი გამოხდის დანადგარებში ხანძარი გაჩნდა.
Reuters-ს სამმა წყარომ საწვავის ინდუსტრიიდან უთხრა, რომ ხანძარი ქარხნის ორივე ძირითად ნედლი ნავთობის გამოხდის დანადგარზე გაჩნდა მას შემდეგ, რაც დრონები ობიექტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
წყაროების ინფორმაციით, დაზიანებების შეკეთებას და ქარხნის მუშაობის სრულად აღდგენას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.
ქარხნის AVT-6 დანადგარის სიმძლავრე დღეში 21 400 მეტრული ტონაა, რაც ქარხნის მთლიანი სიმძლავრის 53%-ს შეადგენს. დანარჩენი 47% მოდის EURO+ კომბინირებულ ნედლი ნავთობის გადამამუშავებელ კომპლექსზე, რომლის სიმძლავრეც დღეში 18 800 ტონაა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ წარმოებული საწვავი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ბირჟაზე 21 სექტემბრიდან გასაყიდად აღარ გამოჩენილა.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ქარხანამ 2024 წელს 11.6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავა, რაც დღეში დაახლოებით 230 000 ბარელს შეადგენს.
იმავე პერიოდში ქარხანამ 2.9 მილიონი ტონა ბენზინი, 3.2 მილიონი ტონა დიზელი და 1.3 მილიონი ტონა ბიტუმი აწარმოა.