სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის საწარმო გამოავლინა, რომელიც საქმიანობას სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სოფელ ალისუბანში ინდივიდუალური მეწარმე კ.კ.-ის კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს შესაბამისი აღიარების გარეშე აწარმოებდა. ობიექტზე ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები — დარღვეული იყო როგორც ტექნოლოგიური პროცესი, ისე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, არალეგალური საწარმოების გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე არ აწარმოონ და საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.