ქვემო ქართლში, წარსულში ძლიერ დეგრადირებულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა მიმდინარეობს. სოფელ ახალშენის მიმდებარედ, 12 ჰექტარ ფართობზე, სადაც ინტენსიური ჭრისა და საქონლის ძოვების გამო ტყის საფარი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, 24 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანში ტყის აღდგენის სამუშაოები 118 ჰექტარზე მიმდინარეობს.

„დეგრადირებული ტყეების აღდგენა სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, — განაცხადა სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

სააგენტო 2026 წლის ბოლომდე ქვეყნის 9 რეგიონში ტყის აღდგენას 2 600 ჰექტარამდე ფართობზე გეგმავს, 2031 წლისთვის კი აღდგენილი ტერიტორიის 51 000 ჰექტარამდე გაზრდაა დაგეგმილი.