მილიარდერებისთვის ერთჯერადი 5%-იანი გადასახადის დაწესების საკითხი, კალიფორნიაში 3 ნოემბრის კენჭისყრაზე გავა. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით ინიციირებულ ცვლილებას, კალიფორნიელების უმრავლესობის ხმა სჭირდება.

როგორც Reuters-ი წერს, მილიარდერებისთვის გადასახადის დაწესებისთვის კალიფორნია ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი კანდიდატია: შტატი პოლიტიკურად მემარცხენე ელექტორატით გამოირჩევა, დამატებით თანხებს საჭიროებს ჯანდაცვისთვის და დაახლოებით 250 მილიარდერს აერთიანებს, რომელთა საერთო ქონება $2 ტრილიონს აჭარბებს.

ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ გადასახადმა შესაძლოა $100 მილიარდი მოიზიდოს და თანხა ჯანდაცვას, სოციალურ დახმარებასა და განათლებას მოხმარდეს. კრიტიკოსები კი, მოსალოდნელ შემოსავალს დაახლოებით $40 მილიარდად აფასებენ და შიშობენ, რომ ზოგიერთი მილიარდერი შტატიდან წავა, რაც მომავალში საგადასახადო შემოსავლებსა და ინვესტიციებზე აისახება.

აგვისტოს UC Berkeley-ის IGS-ის კვლევაში ინიციატივას „Proposition 40-ს“ მხარს უჭერდა 48%, წინააღმდეგი იყო 41%. სექტემბრის Public Policy Institute of California-ის გამოკითხვაში მხარდაჭერა 52%-ს, წინააღმდეგობა კი 46%-ს შეადგენდა.

ინიციატივის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი, რომელმაც ამ ინიციატივის წინააღმდეგ სხვადასხვა კამპანიისთვის $100 მილიონზე მეტი დახარჯა. Proposition 40-ს ეწინააღმდეგება კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომიც, თუმცა ის მილიარდერების სიმდიდრის გადასახადის ფედერალურ დონეზე დაწესებას უჭერს მხარს.

კალიფორნიაში მსოფლიოში ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიები — Google, Apple, Meta და Nvidia - არიან თავმოყრილი, ამიტომ მწვავე განხილვების ერთ-ერთი მთავარი საკითხია - რა გავლენას მოახდენს ახალი გადასახადი შტატის ბიზნესსა და ინვესტიციებზე.

Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, დანიამ, შვედეთმა და ფინეთმა, 1997-2018 წლებში სიმდიდრის გადასახადები გააუქმა კაპიტალის გადინებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე.