საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 12.9 მლნ ლარით გაზარდა და ჯამურად 94.2 მლნ ლარი განსაზღვრა.

ცვლილება მთავრობის №2202-ე განკარგულებით შევიდა №283-ე განკარგულებაში, დაფინანსება გაიზარდა ფოთისა და ქუთაისისთვის, ხოლო რუსთავის, ზუგდიდისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხები უცვლელი დარჩა.

ფოთის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული თანხა 2.9 მლნ ლარით გაიზარდა და 17.1 მლნ ლარი შეადგინა. განახლებული დანართის მიხედვით, დამატებითი დაფინანსება საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდული ჰაბის ეზოს კეთილმოწყობის პროექტებს მოხმარდება.

ამასთან, პროექტების ჩამონათვალს დაემატა სპეცტექნიკისა და მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა, რომლისთვისაც 3.3 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ფოთში ასევე დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2026 წლის 24-26 ივლისს დაგეგმილ ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო კონფერენციის ღია ჩემპიონატთან დაკავშირებით. აღნიშნული სამუშაოებისთვის 358 180 ლარია გამოყოფილი.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება 10 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამში 20.8 მლნ ლარი გახდა.

დოკუმენტის თანახმად, დამატებითი თანხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლებისა და ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტებისთვის გამოიყო.

ამასთან, ქუთაისის პროექტების ჩამონათვალს M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების შეძენაც დაემატა, რისთვისაც 10 მლნ ლარია განსაზღვრული.