აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერება არაერთხელ სთხოვა,- ამის შესახებ „აქსიოსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრისას სიტყვა „დიზელი“ რამდენჯერმე გაჟღერდა.
„აქსიოსის“ ცნობით, საუბრის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, რუსეთთან დეესკალაციის შეთანხმების მისაღწევად „ნამდვილად სერიოზული ნაბიჯები“ გადადგას.
გამოცემასთან საუბრისას ზელენსკის მთავარმა მომლაპარაკებელმა და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში თეთრი სახლის წარმომადგენლებთან უკრაინის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობდა.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კიევში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა უკრაინისთვის მთავარი პრიორიტეტია.