ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრი სკოლის აშენება და რეაბილიტაციაა საჭირო. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს დაახლოებით 2 100 სკოლა, საიდანაც ბევრი არის არასათანადო მდგომარეობაში და შემდგომი წლების განმავლობაში, საბოლოოდ დასრულდება ყველა სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაცია,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კობახიძემ ბათუმში №21 საჯარო სკოლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ასევე №4 და №5 რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა.

„ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისთვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, Esida შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა, უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენებლობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2089 საჯარო სკოლაა. ამ სკოლებში, ნახევარ მილიონზე მეტი მოსწავლე ირიცხება.

2024 წელს 174 საჯარო სკოლა იყო ისეთი, სადაც მოსწავლეები საკუთარ შენობაში ვერ იწყებდნენ სასწავლო წელს. ალტერნატიულ ფართებში მაშინ 21 203 მოსწავლე იყო გადანაწილებული.

2026 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ 17 სკოლა იყო მზად, კიდევ 3-ის დასრულებას 1 ოქტომბრამდე, ხოლო 2-ისას 15 ოქტომბრამდე ელოდნენ — ჯამში 22 სკოლა

დღემდე, ასზე მეტი სკოლაა, რომელთა ნაწილი დაინგრა რეაბილიტაციისთვის, ნაწილი დაიკეტა, ნაწილი გაჭიანურდა და ზოგიერთზე სამუშაოები ჯერ არც არის დაწყებული.

დღეს, 18 სექტემბერს, დამატებით გამოვლინდა თბილისის №21 სკოლის შემთხვევაც — იქ სასწავლო პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც შენობა ავარიულად გამოცხადდა, სასწავლო წლის დაწყებიდან 2 დღეში.