რუსეთის საელჩო აშშ-ის კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ მიღებულ კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისმა ამოქმედებამ შესაძლოა აშშ-ში ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს.

როგორც ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსული ნავთობისა და გაზის ვაჭრობის შეზღუდვა, ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შემცირების ფონზე, ენერგობაზრებზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„რუსოფობიური ინსტინქტი, რომელიც კანონპროექტს საფუძვლად უდევს, დათვურ სამსახურს უწევს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

რუსული მხარის მტკიცებით, ენერგომიწოდების შესაძლო შემცირება პირდაპირ აისახება ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებზე, განსაკუთრებით ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესმა ე.წ. „ლინდსი გრემის“ კანონპროექტი 16 სექტემბერს მიიღო. წარმომადგენელთა პალატამ დოკუმენტს 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, მანამდე კი კანონპროექტი სენატმა 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას ანიჭებს, რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ხელშემწყობ ქვეყნებს, 100%-მდე ტარიფები დაუწესოს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის მაღალჩინოსნების, ბანკებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, ასევე ირანის მიმართ მოქმედი სანქციების გახანგრძლივებას.

კანონპროექტის საბოლოო ამოქმედებისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.