თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, სკოლის სამეურვეო საბჭოსა და თბილისის მერიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა იმართება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მერიის წარმომადგენლები სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს აცნობენ.
აქციის მიზეზი მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რომლის მიხედვითაც, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება სწავლა. ერთ-ერთი მშობლის, ეკატერინე ნარსიას განცხადებით, სკოლის დირექტორი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას და პარალელურად ალტერნატიული ფართის მოძიებას სთავაზობს, სადაც მთელი სკოლა კლასების დაშლის გარეშე შეძლებს სწავლის გაგრძელებას.
„დირექტორის პოზიცია დადებითია, სურს, ბავშვები ერთი კვირა იყვნენ ონლაინსწავლებაზე. ამასობაში კი გამონახონ ფართი, სადაც მთელი სკოლა, კლასების დაშლის გარეშე, გააგრძელებს სწავლას. ორი წლის წინ სკოლამ აკრედიტაცია გაიარა. აი, ესაა საინტერესო, ამ ორ წელიწადში როგორ გახდა შენობა მეოთხე ხარისხით ავარიული“, - განაცხადა ნარსიამ IPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სკოლის მასწავლებლის, ნიკა ხაჩიძის თქმით, შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებმა 17 სექტემბერს, საღამოს მიიღეს. მისი განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის ფონზე მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში შენობაში იმყოფებოდნენ.
„ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ველოდებით დასკვნას და სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას. გუშინ საღამოს, 8 საათზე, გავიგეთ და ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. შემაშფოთებელია, რომ შენობა ავარიულია, საფრთხეს უქმნის მოსწავლეებს და სამი დღის განმავლობაში ჩვენთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ამ შენობაში. ამაზე ვარ ყველაზე აღშფოთებული. დეტალებს ჩვენც ველოდებით“, - აღნიშნა ხაჩიძემ.
მშობლებმა სკოლის შენობის მდგომარეობასთან და სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გუშინ გამოთქვეს, რის შემდეგაც აქცია დააანონსეს.
ამ დროისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ისევ გრძელდება.