ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სააგენტო RES-ის ინფორმაციით, „საარჩევნო უბნები“ ადგილობრივი დროით დღეს 08:00 საათზე გაიხსნა.
ე.წ. ცესკოს მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში 70 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი. კიდევ ოთხი უბანი ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი კი მოსკოვში ფუნქციონირებს. საერთო ჯამში, ე.წ. საარჩევნო კომისიას 40 000 ბიულეტენი აქვს დამზადებული.
„საარჩევნო უბნები“ 20:00 საათზე დაიხურება. პროცესს 60-ზე მეტი „საერთაშორისო დამკვირვებელი“ აკვირდება. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები, ასევე რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ვენესუელის, არგენტინის, ბელარუსის, სომხეთის, ბულგარეთისა და ინდოეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოების წარმომადგენლები.
ე.წ. არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის არიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, რომელიც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, პარტია „ერთიანობის“ კანდიდატი ზურაბ კოკოევი, „ალანიის პატრიოტების“ წარმომადგენელი მურატ ვალიევი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კაზბეკ კოდოევი.
არსებული ცნობებით, კანდიდატებს შორის ფავორიტად მარატ კამბოლოვი მიიჩნევა.