2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ მიმდინარე ფასებში 28.1 მლრდ ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.0%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი რამდენიმე სექტორმა შეიტანა. მათ შორის, ინფორმაცია და კომუნიკაციის სფერო 16.6%-ით, საბითუმო და საცალო ვაჭრობა 8%-ით, ტრანსპორტი და დასაწყობება 19.8%-ით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 17.4%-ით, დამამუშავებელი მრეწველობა 7.3%-ით, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 15%-ით გაიზარდა.
ამასთან, კლების მიმართულებით გამოირჩეოდა მშენებლობა, სადაც 4.8%-იანი შემცირება დაფიქსირდა, ასევე სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, რომელიც 3.5%-ით შემცირდა.
მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობას, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტს უკავია — 14.9%. მას მოსდევს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.1%-ით, დამამუშავებელი მრეწველობა 8.9%-ით და ინფორმაცია და კომუნიკაცია 7.6%-ით.
საქსტატის განმარტებით, კვარტალური მშპ ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე გამოითვლება და შესაძლოა წლიური კვლევის შედეგებისგან განსხვავდებოდეს. შესაბამისად, წლიური მონაცემების მიღების შემდეგ კვარტალური მაჩვენებლები ახლდება.
2025 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, 2025 წლის ოთხივე კვარტლის მაჩვენებლები და 2026 წლის პირველი და მეორე კვარტლების მონაცემებიც გადაიანგარიშება. საქსტატის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები 2026 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნდება.