ევროკომისია უკრაინას დრონებისა და რაკეტების შესაძენად €3.3 მილიარდს გამოუყოფს. თანხა კიევის მხარდასაჭერად მომზადებული €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის ფარგლებში გაიცემა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აღნიშნული ფინანსური დახმარება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.

„დღეს უკრაინას დრონებისა და რაკეტების შესაძენად €3.3 მილიარდს ჩავურიცხავთ. ევროპა უკრაინას კვლავ გაუწევს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად სჭირდება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ახალი ტრანშის ჩარიცხვის შემდეგ 2026 წელს უკრაინისთვის გაწეული თავდაცვითი და სხვა სახის დახმარების საერთო მოცულობა თითქმის €15 მილიარდს მიაღწევს.

€90-მილიარდიანი სასესხო პაკეტი 2026-2027 წლებში უკრაინისთვის €30 მილიარდის საბიუჯეტო მხარდაჭერასა და €60 მილიარდის თავდაცვით დახმარებას ითვალისწინებს.

ახალი გადახდა ევროკომისიის მიერ 11 სექტემბერს უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისა და სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის €6.1 მილიარდის პაკეტის დამტკიცებას მოჰყვა. აღნიშნული დახმარება, მათ შორის, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ PAC-3 ტიპის რაკეტებსაც მოიცავს.

ევროკომისია დარჩენილი თანხების ნაწილის გამოყენებას ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი პროგრამისთვისაც გეგმავს. პროგრამის მიზანი Freya-ს ანტიბალისტიკური ტექნოლოგიის საფუძველზე ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარებაა.