ევროზონაში ინფლაციის კონტროლის დაკარგვამ შესაძლოა ეკონომიკურ ზრდას საფრთხე შეუქმნას, - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველი საბჭოს წევრმა და ხორვატიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ანტე ჟიგმანმა განაცხადა.

Bloomberg Television-თან ინტერვიუში ჟიგმანმა აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროზონაში ინფლაციის მიმდინარე, 3%-ზე მაღალი დონიდან ECB-ის მიზნობრივ 2%-მდე შემცირებაა.

მისი თქმით, ECB საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბაზრის მოლოდინებზე დაყრდნობით არ მიიღებს და მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას მხოლოდ შემომავალ მაკროეკონომიკურ მონაცემებს გაითვალისწინებს.

ჟიგმანის შეფასებით, მიუხედავად ენერგორესურსებზე ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაციური რისკებისა, ხელფასების ზრდა კონტროლს ექვემდებარება და ე.წ. მეორეული ეფექტები ამ ეტაპზე ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ახდენს.