ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივების საკითხზე საფრანგეთთან კომპრომისის მიღწევას ცდილობს,- ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა და სლოვაკეთმა ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების 12 თვით გაგრძელების წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. პარიზმა, ამასთან, სანქციების სიიდან რუსეთ-უზბეკი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის, ამოღება მოითხოვა.
Financial Times-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოზიცია უკავშირდება აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე შესაძლო შეთანხმებას.
სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვადების მხრივ დროებით გამოსავალზე გადაიყვანა და შეზღუდვები მხოლოდ ერთი კვირით გაგრძელდა. ამ პერიოდში ევროკავშირის ოფიციალური პირები შეთანხმების მისაღწევად ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი კომპრომისული წინადადება ითვალისწინებს უსმანოვის სანქციების სიაში დატოვებას, თუმცა მის წინააღმდეგ კონკრეტული შეზღუდვების, მათ შორის აქტივების გაყინვისა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვის, გაუქმებას.
ალიშერ უსმანოვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2022 წლის შემდეგ იმყოფება, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული ზომები მის რუსეთში არსებულ ბიზნესინტერესებსა და კრემლთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან, კავშირებს უკავშირდება.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები საკითხის განსახილველად კვლავ შეიკრიბებიან, რათა სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული არსებული ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ.