IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი IAEA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჰუა ლიუს შეხვდნენ.
„შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა IAEA-ს პროგრამებში, მათ შორის Atoms4Food ინიციატივაში, რომელიც ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სურსათის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, ენერგეტიკის მიმართულებით ცოდნისა და შესაძლებლობების გაღრმავების პოტენციალზე.
კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები შედგა IAEA-ს სხვადასხვა დეპარტამენტისა და ევროკომისიის სექტორის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განხილული იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოები, მარეგულირებელი სისტემის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.
IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გამართულმა მაღალი დონის შეხვედრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო სანდო პარტნიორია და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში