ევროკავშირი „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 12 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზებას გეგმავს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პროექტი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზართან პირდაპირ დააკავშირებს, ინვესტიციების მოზიდვა კი ევროკავშირის Global Gateway-ის სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება.
ევროკავშირის მიერ დასახული მიზნებია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვის ვადების მნიშვნელოვნად შემცირება.
„შუა დერეფნის“ სხვადასხვა მარშრუტის საერთო სიგრძე დაახლოებით 6 000 კილომეტრია, საიდანაც დაახლოებით 700-800 კილომეტრი კასპიის ზღვაზე გადის.
მარშრუტი ჩინეთიდან იწყება, შემდეგ ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვამდე მიდის. ზღვის გადაკვეთის შემდეგ ტვირთები აზერბაიჯანში ხვდება, საიდანაც გზა საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისკენ გრძელდება.