„განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა, - განაცხადა დღეს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა.
„სარჩელი მომზადდა ხელმოწერილია და ფიზიკურად, მგონი, დღეს ჩაჰბარდება. შაბათ-კვირა იყო და დღეს ჩაჰბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს. საჯარო იქნება სარჩელი და ყველამ შეგიძლიათ ნახოთ. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებს აქვთ ნამუშევარი სარჩელზე. 9 თვე მხოლოდ მაქსიმალური ვადაა, მაგრამ არაფერი უშლის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მანამდე განიხილოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ წარმოდგენით არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში.
„თავიდანვე ჩანდა, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო- 4-5-9-25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, რომ მოუწოდებდა მოქალაქეებს, ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას.
ასე რომ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მათ შორის, იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა, მანდატები შეუწყდათ კიდევაც, რადგან ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი. თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელით თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოსა“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვაა მოთხოვნილი.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვიდან თითქმი ერთ წელში, მმართველმა გუნდმა სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გააჟღერეს.
თავის მხრივ, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 15 სექტემბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ოპოზიციური ხმის ჩახშობას ემსახურება.
„ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიციის აკრძალვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, ივანიშვილის რეჟიმმა ვერ აიტანა პარლამენტში თუნდაც ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობა, რადგან კრიტიკულ ხმას ვერაფერს უპირისპირებენ“, - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, პარტია პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და „აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ“.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ სასამართლოში საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების წარდგენას აპირებენ.