ქართული ღვინის ისტორია, ტრადიციული ქვევრის ღვინო და თანამედროვე მეღვინეობა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ამ მიმართულებებს გაეცნენ ამერიკელი ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები და პროფესიონალები საქართველოში ვიზიტისას.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Glodow Nead Communications“ ორგანიზებით, სტუმრებმა ქართლსა და კახეთში 11 მარანი და ღვინის მწარმოებელი კომპანია მოინახულეს. მათ დააგემოვნეს ქართული ღვინოები, შეხვდნენ მეღვინეებს და ქვეყნის ღვინის კულტურასა და ტრადიციებს ადგილზე გაეცნენ.
სტუმრებს შორის იყვნენ „WineSpeed“-ის რედაქტორი და „ღვინის ბიბლიის“ ავტორი კარენ მაკნილი, „Apple News“-ის ავტორი შერლინ პიტერსი, ჟურნალ „Blood of Gods“-ის დამფუძნებელი სტეისი ბიუკენენი და სომელიე და ღვინის მწერალი პიტ ჰოლანდი.
„ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, თავად გაეცნონ საქართველოს, დააგემოვნონ ქართული ღვინო და სამზარეულო, შეხვდნენ ღვინის მწარმოებლებს და უკეთ გაიცნონ ქვეყნის კულტურა და ტრადიციები“, - განაცხადა „Glodow Nead Communications“-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექს ფონდერნმა.
მისივე თქმით, სტუმრებმა საქართველო და ქართული ღვინო შეიყვარეს და მიღებულ შთაბეჭდილებებს ამერიკელ მკითხველსა და აუდიტორიას გაუზიარებენ.
აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული პროდუქტის ცნობადობისა და მომხმარებლის ინტერესის გაზრდის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.