„ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი მთლიანად გასაუქმებელია, მისი ეფექტი ბიუჯეტზე მინიმალურია“ - ამის შესახებ თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორმა ნოდარ სირბილაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, ქონების გადასახადში ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხების მოცულობა იმდენად მინიმალურია, რომ მის ადმინისტრირებაზე რესურსის დახარჯვა არ ღირს.
„ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი მთლიანად გასაუქმებელია. ჩვენ ვნახეთ შემოსავლების ზღვარი გაზრდა 100 000 ლარამდე, თუმცა უმჯობესი იქნება თუკი მთლიანად გავაუქმებთ აღნიშნულ გადასახადს. მისი წილი ბიუჯეტში მინიმალურია, ასევე მინიმალურია ფიზიკური პირების მიერ გადახდილი გადასახადის წილი მთლიან ქონების გადასახადშიც. მაგალითისთვის, 2025 წელს ქონების გადასახადის სახით ბიუჯეტში დაახლოებით 648 მილიონი ლარი შევიდა, საიდანაც ფიზიკური პირების მიერ გადახდილი გადასახადი მხოლოდ 121 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ქონების გადასახადში ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხა მხოლოდ 18%-ია, რაც ისედაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია“, - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქონების გადასახადი ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია საქართველოში, თუმცა ნოდარ სირბილაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში რეგიონების არაპროპორციული განვითარების ფონზე ქონების გადასახადის ეფექტი რეგიონებზე ფაქტობრივად არ არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქონების გადასახადი ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია, მისი კონცენტრაცია უკიდურესად დისპროპორციულია , კერძოდ, მობილიზებული თანხის ლომის წილი მოდის დედაქალაქსა და აჭარის რეგიონზე. მცირე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქონების გადასახადის ბაზა იმდენად მცირეა, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსურ დამოუკიდებლობას. რეგიონები მაინც სრულად არიან დამოკიდებულნი ცენტრალურ ბიუჯეტზე”. - აცხადებს თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი ნოდარ სირბილაძე.