ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადასვლისა და აკვატორიის დაღრმავების პარალელურად, დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ახალი პორტი ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებზე, კვლავ აქტუალურია.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პორტის მენეჯმენტის სპეციალისტისა და შპს „საზღვაო სააგენტო ადმირალის“ თანადამფუძნებლის, მერაბ ჩაჩავას შეფასებით, ანაკლიის ამოქმედება საქართველოს პორტებს შორის კონკურენციის გაძლიერებად არ უნდა განიხილებოდეს. მისი მოსაზრებით, ქვეყნის მიზანი ერთმანეთის შემცვლელი, არამედ ფუნქციურად ურთიერთშემავსებელი ნავსადგურების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს.

ჩაჩავას თქმით, ანაკლიის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება შავი ზღვის რეგიონში არსებული სამხედრო და სატრანსპორტო შეზღუდვების ფონზე. ღრმაწყლოვანი ნავსადგურის უპირატესობა დიდტონაჟიანი და მაღალი წყალწყვის მქონე გემების მომსახურების შესაძლებლობაა.

მისივე შეფასებით, ასეთ გემებს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში არჩევანი მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვთ. დასავლეთის მიმართულებით მათ შეუძლიათ თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურების გამოყენება, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში — საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის პორტების.

ჩაჩავა აღნიშნავს, რომ უკრაინისა და რუსეთის რიგი ღრმაწყლოვანი პორტები დღეს დაბლოკილი ან დაზიანებულია. მაგალითად, ნოვოროსიისკის ნავსადგურის დაღრმავება დაახლოებით 19 მეტრს შეადგენს, ტამანის — ნავმისადგომების მიხედვით, 20 მეტრამდე, ტუაფსეს — 14 მეტრს, ხოლო უკრაინის ოდესის პორტში — დაახლოებით 14-15 მეტრს.

მისი თქმით, გარკვეული სპეციფიკური ტვირთები, მათ შორის ნავთობი, ქვანახშირი და მარცვლეული, კვლავ რუსეთის ნავსადგურების ტრადიციულ მიზიდულობის ზონაში რჩება. თუმცა საკონტეინერო ტვირთების შემთხვევაში, შუალედურ პორტებში გადანაწილების გარეშე, ანაკლიის გამოყენება შესაძლებელია.

ჩაჩავას შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ფუნქცია არ ნიშნავს, რომ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები ფუნქციას დაკარგავენ. პირიქით, მისი მოსაზრებით, საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული მიზანი სხვადასხვა პორტისთვის განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთის შემავსებელი ფუნქციების განსაზღვრა უნდა იყოს.

„ფოთის, ბათუმის, ყულევის, სუფსისა და ანაკლიის ფუნქციები აუცილებელია განიხილებოდეს არა იზოლირებულად, არამედ ერთიანი ეროვნული ლოგისტიკური სისტემის ფარგლებში“, — აღნიშნავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, ნავსადგური მხოლოდ გემების მიღებისა და ტვირთის გადატვირთვის ადგილი არ არის. მის გარშემო იქმნება ეკონომიკური ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს სალოცმანო და საბუქსირო მომსახურებას, გემების აგენტირებასა და მომარაგებას, ტექნიკურ მომსახურებას, ტვირთის ექსპედირებას, საბაჟო და სასაწყობო ოპერაციებს, სატრანსპორტო მომსახურებასა და სარემონტო სამუშაოებს.

ამასთან, ანაკლიის ამოქმედებამ შესაძლოა ახალი სამუშაო ადგილებისა და მომსახურებების გაჩენას შეუწყოს ხელი და გაზარდოს მოთხოვნა საზღვაო კადრებზე.

ჩაჩავა განსაკუთრებულ ყურადღებას ქართველი მეზღვაურებისა და საზღვაო სპეციალისტების პროფესიულ შესაძლებლობებზე ამახვილებს. მისი შეფასებით, პორტების განვითარება მოთხოვნას ზრდის ლოცმანებზე, ბუქსირების სპეციალისტებზე, გემების აგენტებზე, ნავიგაციური და ტექნიკური უზრუნველყოფის პერსონალზე, საზღვაო უსაფრთხოების სპეციალისტებზე, ტერმინალის ოპერატორებზე, ინჟინრებსა და ლოგისტიკის სფეროს პროფესიონალებზე.

ამ კონტექსტში, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია შუა დერეფნის განვითარებაც. თუ საქართველო ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო კავშირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად ჩამოყალიბდება, ქვეყნისთვის მთავარი საკითხი ცალკეულ პორტებს შორის ტვირთების გადანაწილება კი არა, მთლიანად გაზრდილი ტვირთნაკადის ეფექტიანად მომსახურება უნდა გახდეს.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, სადაც ერთი ნავსადგური უფრო მეტად კონტეინერულ ოპერაციებზე იქნება ორიენტირებული, მეორე — ფიდერული და საბორნე გემების მომსახურებაზე, ხოლო სხვა პორტები ნავთობპროდუქტების, ქიმიური ან სხვა სპეციალიზებული ტვირთების გადამუშავებაზე იქნებიან ფოკუსირებული.

ამასთან, პორტებს შორის კოორდინირებული მუშაობა საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან ერთად ერთიანი მიწოდების ჯაჭვის ჩამოყალიბების შესაძლებლობას შექმნის.

ჩაჩავას შეფასებით, საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების შედეგი მხოლოდ კონკრეტულ პორტში დასაქმებულთა რაოდენობით ან გადამუშავებული ტვირთის მოცულობით არ უნდა შეფასდეს. მთავარი მაჩვენებელი ქვეყნის გავლით მოძრავი საერთო ტვირთნაკადის, საზღვაო ოპერაციების, დამატებული ღირებულებისა და სექტორში დასაქმების ზრდა უნდა იყოს.

მისივე მოსაზრებით, საქართველოსთვის სტრატეგიული ამოცანა ერთმანეთის შემცვლელი ნავსადგურების შექმნა კი არა, ერთიანი საპორტო სისტემის განვითარებაა, სადაც თითოეულ პორტს საკუთარი ფუნქცია და ბაზარი ექნება, თუმცა ყველა მათგანი საერთო ეროვნული ლოგისტიკური სისტემის ნაწილი იქნება.

ამგვარად, ანაკლიის ამოქმედება შესაძლოა განიხილებოდეს არა როგორც ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებისთვის ფუნქციის შემცირების ფაქტორი, არამედ როგორც საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდის ახალი ეტაპი.

ნახეთ ვრცლად