ჩინური ავტომწარმოებელი BYD ევროპაში მძიმე სატვირთო ავტომობილების გაყიდვებს მომავალი წლიდან დაიწყებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი რეგიონში მათი წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა სტელა ლიმ განაცხადა, BYD-ის სტრატეგია საბოლოო ჯამში ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების ადგილობრივ წარმოებას ითვალისწინებს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაფერს, რასაც ევროპაში ვყიდით, აქვე, ადგილობრივად ვაწარმოებთ“, - განაცხადა ლიმ ჰანოვერში, IAA-ს სავაჭრო გამოფენაზე.
მისი თქმით, BYD სატვირთო ავტომობილების ფლოტების ოპერატორებისთვის მომსახურების სრულ პაკეტსაც შექმნის. შეთავაზება მოიცავს მზის ენერგიაზე დაფუძნებულ დამტენ ინფრასტრუქტურას, სერვისცენტრების ქსელსა და გზებზე მობილური ტექნიკური დახმარების სერვისს.
ევროპაში სატვირთოების წარმოების დაწყება კომპანიას ჩინეთიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე შესაძლო დამატებითი ტარიფების გავლენის შემცირების საშუალებას მისცემს.
ევროპელი ავტომწარმოებლები, მათ შორის MAN, ევროკავშირისგან მოითხოვენ, ჩინეთიდან შემოტანილ ელექტროსატვირთოებზე დაწესდეს ისეთი ტარიფები, როგორიც ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე უკვე მოქმედებს.
სტელა ლის შეფასებით, სავაჭრო შეზღუდვები BYD-ისთვის გრძელვადიან დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ძირითადად იმ პერიოდს შეეხება, სანამ კომპანია ევროპაში წარმოების საჭირო მასშტაბებს შექმნის.
მისი თქმით, როდესაც BYD ევროპულ ბაზარზე გაყიდული პროდუქციის ადგილობრივ წარმოებაზე სრულად გადავა, კომპანია ფაქტობრივად ევროპული ავტომწარმოებლის სტატუსს მიიღებს.