ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შექმნის ვალდებულება აიღო. რამდენიმე კვირაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) უკვე ადგილზე იყო და ვითარების სტაბილიზაციასა და საომარი მოქმედებების განახლების რისკის შემცირებას უწყობდა ხელს.

18 წლის შემდეგ, EUMM დღე და ღამე აგრძელებს პატრულირებას. და შესაძლოა, მისი წარმატების ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, რომ მისი საქმიანობის დიდი ნაწილი შეუმჩნეველი რჩება: როდესაც დაძაბულობის შეკავება ხერხდება, ინციდენტები არ მწვავდება და ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებას აგრძელებს, ეს თვალში საცემ სათაურებში იშვიათად ხვდება. თუმცა, ამ სტაბილურობის ხელშეწყობა მუდმივ მუშაობასა და ადგილზე უწყვეტ ყოფნას მოითხოვს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული რჩება”, - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოში მიმდინარეობს კამპანია — „საქართველო ევროკავშირში, აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე“, რომელსაც, მისი შეფასებით, „უცხოეთიდან პირდაპირ ორკესტრირებენ“.

პაპუაშვილის თქმით, ეს კამპანია დაკავშირებულია ბოლო პერიოდში აფხაზეთის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებთან და, მათ შორის, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ყარაბაღის შედარებასთან. მისი თქმით, ეს მიზნად ისახავს საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, თითქოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი შეიძლება გვერდზე გადაიდოს. „არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.