გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „პირველი არხის“ ინფორმაციით, აბუაშვილის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე 21 სექტემბრის საღამოს გამოქვეყნდა.

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, – ნათქვამია გოგი აბუაშვილის განცხადების ტექსტში, რომლის ფოტოსაც „პირველი არხი“ ვრცელებს.

დამატებით განმარტება, ან განცხადება „ფეისბუკის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, სადაც მუდმივად აქტიურობდა, გიორგი აბუაშვილს არ გაუკეთებია. თუმცა, გადადგომის შესახებ განცხადებამდე, რამდენიმე საათით ადრე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, „ხალხის ძალის“ ლიდერის დიმიტრი ხუნდაძის „შეშფოთებაზე“ წერდა.

მცხეთის უკვე ყოფილი მერის თქმით, „განსაკუთრებით საყურადღებოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე, მათი შესრულებისთვის დადგენილი ვადების დარღვევა".

გოგი აბუაშვილი წერდა, რომ როდესაც დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ სრულდება, აუცილებლად უნდა დადგეს მმართველობითი პასუხისმგებლობა და "იმის გამო, რომ შენიშვნების ძირითადი ნაწილი ეხებოდა მუნიციპალიტეტში შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პასუხისმგებლობა დაეკისრა ინფრასტრუქტურის მიმართულების კურატორ მერის პირველ მოადგილეს" - ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს,

„ამასთან, ეს პროცესი მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება, ეტაპობრივად მოხდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის ზედამხედველობა და შესწავლა. მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული პასუხისმგებელი პირის ფუნქცია-მოვალეობა, რაც მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულების გარანტი იქნება.

თუკი შესწავლის შედეგად გამოვლინდება სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან გულგრილობა ან მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, მათ მიმართაც გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობაზე ზრუნვა, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადადგმული თითოეული ნაბიჯი“, - წერდა აბუაშვილი 21 სექტემბრის 11:00 საათზე, საღამოს კი, მისი გადადგომის შესახებ განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოჩნდა.

გოგი აბუაშვილი მცხეთის მერის პოზიციას 2025 წლის 4 ოქტომბრიდან იკავებდა.