თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებს.

მათი ინფორმაციით, ჩატარებული კვლევებით ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ გახშირებული შემთხვევების მიზეზი სწორედ ნოროვირუსია. უწყების ცნობით, ვირუსით დაავადებული ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებები დატოვა. შემთხვევები გართულებების გარეშე მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე გართულების დამატებითი რისკი არ იკვეთება.

ნოროვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ხელის ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებს ან ახლო კონტაქტებს აღნიშნული დაავადება ჰქონდათ.

ცენტრის ინფორმაციით, ნოროვირუსის დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმის სათანადო ჰიდრატაცია და დაკარგული სითხის აღდგენა. ასევე რეკომენდებულია, სულ მცირე, 3-4 დღის განმავლობაში რაციონიდან რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების ამოღება. დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღონ.

პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ შემთხვევებთან დაკავშირებით კომპლექსურ მოკვლევას სურსათის ეროვნული სააგენტოც აგრძელებს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებს, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებს.

ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ერთი ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით 39 ნიმუშში სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით დარღვევა არ დადასტურდა.

დანარჩენ ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.