Paramount Skydance-მა რომელსაც Warner Bros. Discovery-ის 110 მილიარდ დოლარად შეძენა სურს, მთავარი სამართლებრივი დაბრკოლება გადალახა. Paramount Skydance-მა გარიგების წინააღმდეგ სასამართლოში დავის მონაწილე კალიფორნიის შტატსა და სხვა შტატებთან, ასევე ჰოლივუდის სცენარისტთა გილდიასთან შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ Reuters წერს.
გარიგება ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მედიაგაერთიანება იქნება და ერთ კომპანიაში კინოს, ტელევიზიის, სტრიმინგისა და საინფორმაციო ბიზნესის დიდი ნაწილი მოიყრის თავს.
გარიგებას ტრამპის ადმინისტრაციის მარეგულირებელმა უწყებებმა უკვე მისცეს თანხმობა, თუმცა კალიფორნიის ხელმძღვანელობით 12 შტატის გენერალურმა პროკურორმა სასამართლოში მისი დაბლოკვა მოითხოვა. მათი არგუმენტით, გაერთიანება კონკურენციას შეამცირებდა და მედიაბაზარზე კომპანიას ზედმეტად დიდ ძალაუფლებას მისცემდა.
საბოლოო შეთანხმებით, Paramount დამატებით ვალდებულებებს იღებს: აშშ-ში კინოწარმოებაზე ყოველწლიურად მინიმუმ 300 მილიონი დოლარით მეტს დახარჯავს და ხუთი წლის განმავლობაში ფილმების გამოშვების გარკვეულ კვოტებს დაიცავს. კომპანია ასევე შექმნის სარედაქციო დამოუკიდებლობის საბჭოს, რომელიც CBS-ისა და CNN-ის საინფორმაციო საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს.
როგორც „როიტერსი“ წერს, გარიგებას განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტიც ახლავს. Paramount-ის მფლობელი ლარი ელისონი დონალდ ტრამპთან დაახლოებულ ბიზნესმენად არის მოხსენიებული, ხოლო CBS-ისა და CNN-ის ერთ მფლობელობაში მოქცევამ მედიაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენის შესახებ კითხვები გააჩინა.
გარიგების შესახებ სიახლეს დადებითად შეხვდნენ Warner Bros. Discovery-ის აქციონერები — კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა.
Paramount-ისა და Warner Bros. Discovery-ის გაერთიანებული კომპანია დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის ვალით დაიწყებს მუშაობას, თუმცა კომპანიები გარიგებიდან დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის დაზოგვას ელიან. შეთანხმება Paramount-ს ასევე საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს გარიგების გაჭიანურებისთვის 30 სექტემბრის შემდეგ დაწესებული დღიური 7-მილიონიანი გადასახადი.