ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია მიმდინარეობს, რომელსაც წელს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. მაღალი დონის შეხვედრებში მსოფლიოს დაახლოებით 130 ქვეყნის ლიდერი და მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.
სესიის მთავარი თემაა „ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა — გაერო, რომელიც ყველასთვის მუშაობს“. დღის წესრიგშია უკრაინისა და რუსეთის ომი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები, ირანის საკითხი, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ნიუ-იორკში იმყოფება ირაკლი კობახიძეც, მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, კობახიძე 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. თავად კი, დებატების მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.
იქამდე, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს მართავს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და საპარლამენტო კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.
საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლობიან მონაწილე სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ასევე, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მშვიდობის საკითხებზე, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ნაურუს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას.