ირანი მზად არის, ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდეს, თუ აშშ სამხედრო ზეწოლას შეამცირებს და ირანული პორტების ბლოკადას მოხსნის. ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა.
ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ვაშინგტონმა პირველ ეტაპზე ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, რომ საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა სურს, რის შემდეგაც მხარეებმა მოლაპარაკებების ვადებზე უნდა შეთანხმდნენ.
Reuters-ის ახალი ინფორმაციით, ირანი ასეთ პირობებში ჰორმუზის სრუტის შვიდ დღეში გახსნის შესაძლებლობასაც განიხილავს. თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით ირანის ნახევრად ოფიციალურმა Fars News Agency-მ უარყო და განაცხადა, რომ შვიდდღიანი ვადის შესახებ ცნობები საფუძველს მოკლებულია.
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფ ირანის დელეგაციას დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლებისთვის სრული უფლებამოსილება აქვს. ამასთან, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრას არ გეგმავს.
წყაროს ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დასრულების საკითხზე ვაშინგტონთან კომუნიკაცია შუამავლების მეშვეობით 16 სექტემბერს შედგა. თეირანი აშშ-ისგან დიპლომატიის დასაბრუნებლად „ხელშესახებ ნაბიჯებს“ ელოდება.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონტაქტი მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ხედავს.
ამ ფონზე, Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთი აშშ-სთან კოორდინაციით გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის პროექტზეც მუშაობს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მისიის შექმნას ითვალისწინებს.
წყაროები: Reuters, Fars News Agency.