2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების აქტივობა მცირედით გაიზარდა. მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 14%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ივლისში ეს მაჩვენებელი 12% იყო.

Colliers-ის კვლევის მიხედვით, უცხოელი მყიდველების წილის ზრდის მიუხედავად, როგორც ძველი, ისე ახალი პროექტების შემთხვევაში, უძრავ ქონებას ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ.

აგვისტოში თბილისში სულ 3 388 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 18.9%-ით აღემატება. ამასთან, ბაზრის მოცულობა წლიურად 35.2%-ით გაიზარდა და 297 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ახალაშენებულ პროექტებში დაფიქსირდა და 23.7% შეადგინა. Colliers-ის შეფასებით, აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი სამგორისა და დიდი დიღმის რაიონებს მიუძღვის.

ამავე პერიოდში, გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებიც. 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ქალაქის ცენტრში 16.7%-ით, ფართო ცენტრში 16%-ით, ხოლო გარეუბნებში 10.4%-ით გაიზარდა.

ბათუმში უცხოელი მყიდველები უმრავლესობაში არიან

თბილისისგან განსხვავებით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აგვისტოში უცხოელი მყიდველების წილმა ქართველების მაჩვენებელს გადააჭარბა.

Colliers-ის მონაცემებით, უცხოელების წილმა ძველ და ახალ პროექტებში 52% შეადგინა. ივლისში ეს მაჩვენებელი 48% იყო, საქართველოს მოქალაქეების წილი კი 50%-ს შეადგენდა.

აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების 1 235 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 4.3%-ით ნაკლებია. მიუხედავად ტრანზაქციების შემცირებისა, ბაზრის მოცულობა 2.9%-ით გაიზარდა და 81 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.