ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი.

Reuters-ის მიხედვით, დაახლოებით 3,000 პირისა და ორგანიზაციის სანქციები გაგრძელდა, ხოლო ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სახელების სიიდან ამოღებაზე შეთანხმდნენ.

Euronews-იც წერს, რომ საფრანგეთმა წარმატებას მიაღწია ევროკავშირის სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებაში, რაც აზერბაიჯანთან პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების ნაწილია. მეორე რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი მას შემდეგ ამოიღეს სასანქციო სიიდან, რაც სლოვაკეთმა დაბლოკა მის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება.

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების შედეგად მათი აქტივები აღარ იქნება გაყინული და სამოგზაურო აკრძალვა მოეხსნებათ.

Euronews-ის წერს, რომ უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებით გამოწვეული უკმაყოფილების კომპენსირების მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადა უპრეცედენტო ვადით - 36 თვით - გაახანგრძლივა. აქამდე, ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ.

ცნობისთვის, დღევანდელი დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა - დილით ლატვია ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებას და პროცესი დაბლოკილი იყო, რადგან ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ერთსულოვნება სჭირდება. მოგვიანებით კი Reuters-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპრომისი მიღწეულია.

შეგახსენებთ, დღევანდელი შეთანხმება ძირითადად უკვე მოქმედი ინდივიდუალური სანქციების გაგრძელებაა, არა ახალი, 22-ე სანქციების პაკეტი. ჩვეულებრივ ეს ინდივიდუალური სანქციები 6 თვეში ერთხელ ახლდება, ახლა კი შეთანხმება 36 თვემდე — 2029 წლის სექტემბრამდე გაგრძელებაზეა. ევროკავშირს აქვს ცალკე ეკონომიკური სანქციების პაკეტები, რომლებიც ეხება ენერგეტიკას, ნავთობს, ბანკებს, კრიპტოს, „ჩრდილოვან ფლოტს“, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს და ექსპორტს.