საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს თანამშრომლობის სფეროებს. მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნათია თურნავამ და მარტინ გალსტიანმა.

ეს შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო და მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაცვლის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და  საფინანსო სექტორის მდგომარეობაზე.