შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა, თუმცა რეგისტრაცია 1 715-მა გაიარა. საბოლოოდ, სწავლის გაგრძელების უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ მონაწილეთა 73%-ია.
მათ შორის, საბაკალავრო პროგრამებზე 818 აბიტურიენტი ჩაირიცხა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 312-მა აბიტურიენტმა მიიღო, კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი — 506-მა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 408 აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათგან 244 სახელმწიფო, ხოლო 164 — კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლის.
კიდევ 16 გამოსაცდელმა ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა. ყველა მათგანი სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის ნახვა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში შეუძლიათ. შედეგის მოსაძებნად საჭიროა საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ჩარიცხვა ვერ შეძლეს. პროცესში ასევე მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, მაგრამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დადგენილი ზღვარი დაძლიეს.