ჩინეთის ტურისტული ბაზრის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ქვეყანაში ჩინეთის 9 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულეს და ადგილობრივ ტურისტულ სექტორს შეხვდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთის ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში, ქვეყანას ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi)-ც ეწვია.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ჩინელმა ტუროპერატორებმა ქუთაისი, ლეჩხუმი, სვანეთი და ბათუმი დაათვალიერეს. ისინი გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინელ და ქართველ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს შორის B2B ფორმატის შეხვედრებიც გაიმართა. მხარეებმა პირდაპირი ბიზნესკონტაქტები დაამყარეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ჩინელი ტუროპერატორებისა და პოპულარული ინფლუენსერის ვიზიტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩინეთის ბაზარზე მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. კამპანია საერთაშორისო კომპანია „Dragon Trail International“-თან თანამშრომლობით ხორციელდება.