უეფა-ს ერთა ლიგის შესარჩევი მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით, 25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს.
შეზღუდვები 25 სექტემბერს დილის 09:00 საათზე დაიწყება. ამ დროიდან ავტომობილებისთვის სრულად ჩაიკეტება სლავა მეტრეველის ქუჩა. 15:00 საათიდან კი მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩების სტადიონთან მდებარე მონაკვეთებზე.
28 სექტემბერს სლავა მეტრეველის ქუჩაზე სრული შეზღუდვა ასევე 09:00 საათიდან ამოქმედდება. 15:00 საათიდან კი გადაადგილება შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირის მონაკვეთზე — სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. შეზღუდვა ასევე შეეხება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს.
შეზღუდვების პერიოდში მსუბუქი ავტომობილებისთვის ალტერნატიულ მარშრუტებად ხელმისაწვდომი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩები, ასევე თამარ მეფის გამზირი.
ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილებას ქუთაისის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, შემდეგ კი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით გმირთა მოედნამდე მივლენ, რის შემდეგაც მათთვის დადგენილი ჩვეულებრივი მარშრუტებით იმოძრავებენ.