აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტენ რაიანი შეიწყალა, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. Euronews-ის ინფორმაციით, რაიანი უკვე გათავისუფლებულია და პარიზში ჩასვლას ელოდებიან.
ალიევის განკარგულებით, ჯამში 20 მსჯავრდებული შეიწყალეს, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
რაიანი 2023 წლის დეკემბერში დააკავეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება მას საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატისთვის (DGSE) ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებდა. საფრანგეთი საქმეს უსამართლოდ და თვითნებურად მიიჩნევდა.
მედიის ცნობით, რაიანის გათავისუფლება საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილია, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებას უკავშირდება.
ამავე შეთანხმებაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფრანგი მოქალაქე, ანას დერაზი ფიგურირებს. მას აზერბაიჯანში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და ამჟამად პატიმრობაში რჩება.
უსმანოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან კავშირს უარყოფს.