2026 წლის რთველის შეუფერხებლად ჩატარებისა და კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდველი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისთვის „მოსავლის მართვის კომპანია“ დამატებით 50 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას განახორციელებს.
შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში უკვე დარეგისტრირდა. კომპანია კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონებში ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს შეისყიდის, გადაამუშავებს და მიღებულ სითხეებს დაასაწყობებს.
გამოყოფილი თანხა მოხმარდება ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებულ ლოგისტიკას, ტარისა და დამხმარე მასალების შეძენას, ტექნიკურ აღჭურვასა და სათადარიგო ნაწილებს, სითხეების შენახვა-ტრანსპორტირებას, ასევე სპირტად გამოხდისთვის საჭირო დანადგარების იჯარასა და საბანკო მომსახურებას.
დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიება წინასწარ ვერ დაიგეგმებოდა, რადგან რთველის დასრულებამდე შეუძლებელია განისაზღვროს, რა მოცულობის ყურძენი დარჩება კერძო სექტორის მიერ შეუსყიდველი.
პროგრამის პერიოდი 2026 წლის 20 აგვისტოდან 2027 წლის 30 ივნისამდეა განსაზღვრული.