ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში, 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 646 სამართალდარღვევა გამოავლინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დარღვევა იმერეთში — 196 ფაქტი დაფიქსირდა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი — 119, გურია — 93, შიდა ქართლი — 69, სამცხე-ჯავახეთი — 49, აჭარა — 39, მცხეთა-მთიანეთი — 34, ქვემო ქართლი — 21 და კახეთი — 18.
თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა.
გამოვლენილი შემთხვევებიდან 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობას უკავშირდება. 54 შემთხვევაში მოქალაქეები გადამფრენი ფრინველების მოპოვებისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში კი ნადირობის წესები დაარღვიეს. 22 ფაქტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო ნადირობას ეხებოდა.
ერთ თვეში სამართალდამცველებმა 525 უკანონო საშუალება — ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“ - ამოიღეს.
ამავე პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის 66 ერთეული გამოვლინდა. მათ შორის იყო 63 მწყერი, ერთი კაკაბი, ერთი ოფოფი და ერთი ხოხობი.