წელს, ქართული თაფლი ექსპორტზე, უმეტესად, გალფის ქვეყნებში გავა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „პაპალიკოს“ დამფუძნებელმა, გოგა გოგაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მეფუტკრეებმა მიმდინარე წელს აკაციის თაფლის ამოღება ვერ შეძლეს, სწორედ ამიტომ, საექსპორტო ბაზრების სია შეიცვალა.
„ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი აკაციის თაფლია, რომლის მიღებაც, ცუდი კლიმატური პირობების გამო, ვერ მოვახერხეთ. ხშირმა ნალექმა ჩვენი ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. ამიტომ, წელს ევროპულ ბაზარზე მინიმალური რაოდენობით თაფლს გავიტანთ. ძირითადი ექსპორტი კი გალფის ქვეყნებში განხორციელდება. ასევე, საექსპორტო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთანაც“, - განმარტა გოგა გოგაშვილმა.
მან ქართული თაფლის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი მაღალ კონკურენტუნარიანია და ხარისხის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, უცხოურ ბაზრებზე მასზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ქვეყანაში წარმოებული თაფლის რაოდენობა, საექსპორტო ბაზრების სრულად დასაკმაყოფილებლად, არასაკმარისია.
ცნობისთვის, საქართველოში თაფლის მოსავალი რეკორდულად შემცირდა. მიმდინარე წელს, მეფუტკრეებმა მხოლოდ 2000 ტონამდე თაფლის ამოღება შეძლეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტად შემცირებული მაჩვენებელია.
კომპანია "პაპალიკო" ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ბრენდი "პაპალიკო" ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ალპური (მთის) თაფლის წარმოებაზე. კომპანიის საფუტკრეები კი ყაზბეგშია განთავსებული.
bp.ge